ახალგაზრდული იდეების ბაზარი და. . .

ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი აქტიურად ემზადება ეკონომიკაში სტუდენტური ოლიმპიადისთვის “ერთად ვაშენოთ ქვეყანა.”
სტუდენტური ეკონომიკური ოლიმპიადა პირველად ტარდება. პროგრამა მომზადებულია საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის მიერ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
კონკურსის პროგრამა მოიცავს :
1. “ახალგაზრდული იდეების ბაზარი”, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდები წარმოადგენენ ორიგინალურ ბიზნეს-იდეას.
2. “ ფირმის სარეკლამო კამპანია” – უნდა მომზადდეს სარეკლამო ბუკლეტი და ამავე ფირმის სარეკლამო რგოლი, რომელსაც მონაწილეები სცენაზე წარმოადგენენ.
3. “სოციალური რეკლამა” – საქართველოში არსებული სხვადასხვა სოციალური პრობლემის შესახებ რეკლამა, პლაკატი, ლოზუნგი.
4. “ეკონომიკური აუქციონი” – კონკურენცია ეკონომიკურ კითხვებზე პასუხისათვის.
პროგრამას ელიტ ელექტრონიკსი აფინანსებს.
კონკურსის შესახებ სწავლის დაწყებისთანავე ეუწყათ ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს. მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ მსურველს უნდა ჩამოეყალიბებინა ორიგინალური ბიზნეს_იდეა.
18 მარტს დაინტერესებული და აქტიური 10 სტუდენტისგან, ძირითადად უფროსკურსელებისა და მაგისტრებისგან, დაკომპლექტდა გუნდი, რომლის ხელმძღვანელად აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ავთო ლაფაჩი დაინიშნა.