ნინო ბურჯანაძის ვიზიტი საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში


17 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. მან ბარბარობის დღესასწაულის მილოცვის შემდეგ ისაუბრა ქვეყნის განვითარებაზე, სატბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და საზოგადოებას უსურვა ისეთი რეალობა, როდესაც საქართველოში აღარ იქნება გარდატეხის ეტაპი, არ იქნება ისტორიული არჩევნები და ხალხის ცხოვრებაზე არ იმოქმედებს ის, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს: “ ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. ეს ტრადიციული სასწავლებელია და ჩემთვის განსაკუთრებული ნიშნის მატარებელი, რადგან ჩემი ბაბუაც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, თავის დროზე მეღვინე-ტექნოლოგი გახლდათ, იგი ცნობილი იყო განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მე ძალიან კარგად ვიცი ამ უნივერსიტეტის ტრადიციები, ისიც ვიცი, რომ ღირსეულ ადამიანებს და თაობებს უზრდიდით საქართველოს და დარწმუნებული ვარ, ასევე გაგრძელდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვაღიარო, რომ ამ უნივერსიტეტს არ ექცევა სათანადო ყურადღება და არც ექცეოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როგორსაც იმსახურებს და როგორიც სჭირდება საქართველოში აგრარული პროფილის უნივერსიტეტსა და პედაგოგებს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ საქართველომ განავითაროს ტურიზმი, მრეწველობა, მაგრამ ჩვენ მაინც აგრარული ქვეყანა ვართ და ის ტრადიციული დარგები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა შევინარჩუნოთ და არაჩვეულებრივი ტრადიციები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ. “
ქალბატონმა ნინომ ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო აკადემიაზე, რომელიც არ მოხვდა მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებული კანონის მოქმედების სფეროში და განაცხადა, რომ ამ საკითხს აუცილებლად განიხილავენ თებერვალში.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა შეაფასა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რამაც განმუხტა პოლიტიკური ვითარება, პრინციპულად მნიშვნელოვანი უწოდა. მან სტუდენტებს მოუწოდა არჩევანის გაკეთების დროს გონებით მიიღონ გადაწყვეტილება და არა გულით.
ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ უპასუხა დარბაზში დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა როგორც ქვეყნის, ასევე სტუდენტების პრობლემებს.