ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
10 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
ჩვენ შესახებ
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ისტორია 1929 წლიდან იწყება, როდესაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომლის დამაარსებელთა შორის იყვნენ პროფესორები: პ.მელიქიშვილი,  გ.რცხილაძე,  დ.გედევანიშვილი,  ს.ჩოლოყაშვილი,  კ.ამირეჯიბი,  ა.დიდებულიძე,  ი.ლომოური, კ.მოდებაძე,  ს.ქურდიანი, ი.ჯანელიძე,   ჰ.ჰეხტმანი, თ.კვარაცხელია.
 
აგრონომიული ფაკულტეტი 1921 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე გახსნილ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების  ბაზაზე, რომელსაც, 1928 წელს  შეუერთდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი, რომელიც 1917 წლიდან ფუნქციონირებდა მხოლოდ  ორი განყოფილებით - სასოფლო-სამეურნეო და სატყეო.
 
ახლად დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი:
1. მებაღეობა-მევენახეობა
2. აგრონომიული
3. ზოოტექნიკური
4. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის.
 
ფაკულტეტებზე ფუნქციონირებდა 17 კათედრა.
 
ინსტიტუტი განთავსდა ვაკის რაიონში არსებულ სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობაში.
 
იმ დროისთვის ინსტიტუტში მოვაწეობდა 14 პროფესორი, 13 დოცენტი, 23 ლექტორი და 12 ასისტენტი, ირცხებოდა 1666 სტუდენტი.
 
1932 წელს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტს გამოეყო ზოოტექნიკური ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი ზოოტექნიკური და სავეტერინარო ფაკულტეტებით.
 
1959 წელს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტს შეუერთდა საქართველოს ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მან მიიღო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სახელწოდება.
 
1967 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზა განლაგდა ახალ შენობაში – თბილისში, დიღომში.
(მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ).
 
80-იანი წლებისთვის ინსტიტუტში უკვე არსებობდა შემდეგი  ფაკულტეტები:
  • აგრონომიული
  • სოფლის მეურნეობის მექანიზაციის
  • სოფლის მეუნეობის ელექტრიფიკაციის
  • მებაღე–მევენახეობისა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტთა ტექნოლოგიის
  • ჰიდრომელიორაციის
  • სატყეო მეურნეობის
  • მეაბრეშუმეობის სასწავლო კვლევითი
  • სოფლის მეურნეობის ეკონომიკის
  • დაუსწრებელი სწავლების
  • საზოგადოებრივ მეცნიერებათა
  • ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების.
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შემადგენლობაში შედიოდა      ბათუმის სასოფლო-სამეურნეო და ქვემო ქართლის რეგიონალური მრავალპროფილიანი (ქ. მარნეული) ინსტიტუტები, აგრეთვე თელავის ფილიალი.
 
1991 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს "საქართველოს  აგრარული უნივერსიტეტი" ეწოდა.
 
1996 წელს  უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელწოდებაში შეტანილ იქნა დამატება და  საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწოდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი.
 
1999 წლის 11 მაისიდან ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია დაერქვა, 2003 წლიდან კი - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი.
 
2005 წლის 10 ივნისს საქართველოს მთავრობის #101 დადგენილებით და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების სახით.
2. დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  "საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი" ეწოდა.
 
2009 წლის 23 მარტს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის #101 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის  #24 დადგენილების საფუძველზე "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი" ეწოდა.
 
დღეისათვის აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
  • აგრონომიული
  • აგროსაინჟინრო
  • ეკონომიკურ-ჰუმანიტარული
  • ზოოტექნიკური
  • კვების პროდუქტების ტექნოლოგია
  • სავეტერინარო მედიცინა
  • სატყეო
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი  ერთადერთი მძლავრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. აქ ყოველწლიურად, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბის არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება.
 
უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული ბაზები:
სასწავლო-ექსპერიმენტული ბაზა "იმედი" (მცხეთის რაიონი სოფ. მუხრანი), სასწავლო-საცდელი ბაზა "დიღომი", დედოფლისწყაროს საცდელი პუნქტი, ლანჩხუთის მემცენარეობის საცდელი პუნქტი, სამტრედიის (იანეთი) მემცენარეობის საცდელი პუნქტი, ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალური საცდელი სადგური, მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დენდროლოგიური პარკი, დენდროლოგიური მუზეუმი, ენოთეკა, სავეტერინარო კლინიკა სტაციონარებით, პათოლოგიური ანატომიის, ანატომიის და ზოოლოგია-ემბრიოლოგიის მუზეუმი, პროზექტურა,  ინფექციური და საცდელი ცხოველების ვივარიუმი.
 
ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში 5000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე 90-ზე მეტ სასწავლო პროგრამას სთავაზობს:
11 საბაკალავრო; 1  რეგულირებადი საგანმანათლებლო სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე; 41  სამაგისტრო;  35 სადოქტორო; 5 პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო.
 
2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი გელა ჯავახიშვილი.
 
უნივერსიტეტში მოღვაწეობს 51 სრული პროფესორი, 88 ასოცირებული პროფესორი და 56 ასისტენტ-პროფესორი.
 
აგრარულ უნივერსიტეტში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი  კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები, ასევე ფუნქციონირებს  ბიბლიოთეკა, უცხო ენებისა და კომპიუტერული ცენტრები.
 
უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება-მემორანდუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 24 უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  მონაწილეობა მიიღონ არაერთ გაცვლით პროგრამაში.  აშშ-ს, რუსეთის, უკრაინის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიის, გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების გამოჩენილი მეცნიერები არჩეულნი არიან უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად.
 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზა განლაგებულია თბილისში, დიღომში.
(მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) და კრწანისში (სავეტერინარო კლინიკა)

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 09.09.10 12:25 | გვერდების ნახვა: 50766