| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |
8 სექტემბერი, 2010 წელი
დისტანციური სწავლება
|
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ყველა დარგში მათი დანერგვა და ცოდნის ახალი სფეროების გაჩენა, კონკურენციის ზრდასთან და გლობალური შრომის ბაზრის ჩამოყალიბებასთან ერთად, მოითხოვს პროფესიონალიზმის განუწყვეტელ სრულყოფას და ამაღლებას. ამის მიღწევა კი შეუძლებელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე.
სრული კომპიუტერიზაცია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტურობის ამაღლებას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილებში. ამ მხრივ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს:
უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის შექმნა, მონაცემთა ერთიანი ბანკის ფორმირება, ინტერნეტში ელექტრონული ფოსტით ყველა თანამშრომლისა და სტუდენტის მომსახურების შესაძლებლობა, უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების ავტომატიზირებული სისტემის და კონსულტირების შექმნა.
სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე გამოცდილება, რაც აუცილებელია საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმისათვის.
ინფორმატიზაცია, ინფორმაციის მოპოვება XXI საუკუნის საზოგადოების განვითარების გადამწყვეტ ფაქტორად მოგვევლინა. ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ICT), ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებასთან ერთად, განაპირობებს საზოგადოების განვითარების პროცესს. მართალია, ჩვენ ვფლობთ დიდ ცოდნას და ტრადიციული სწავლების დიდ გამოცდილებას, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ICT-ით სწავლების მეთოდების გამოყენებაში. ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და ყველა სფეროში დანერგვა სწავლი პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების კანონზომიერი პროცესია. ამიტომაც ამის მიღწევისათვის ერთადერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო დანერგვა.
ვინაიდან დაუსწრებელი სწავლების ფორმა გაუქმებულია, ამასთან სულ უფრო ბევრ ახალგაზრდას სურს უმაღლესი განათლების მიღება, ზოგიერთს კი წარმოებიდან მოუწყვეტლივ, ამის მიღწევა შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური სწავლების ფორმის დანერგვით. აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა სტუდენტს აწვდის იმდენად ღრმა და ვრცელ ინფორმაციას, გამდიდრებულს ეფექტური თვალსაჩინოებით, რაც მიუწვდომელია სწავლების ტრადიციული მეთოდისათვის. იგი მკვეთრად აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს. დისტანციური სწავლება არის ცოდნის მიღების ახალი მეთოდი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით: ტელეკომუნიკაცია, ტელევიზია, მულტიმედია, სატელიტური არხებით მონაცემთა გადაცემა და კომპიუტერული ქსელები.
დისტანციური სწავლება ადგილის და დროის შეუზღუდავად შესაძლებელს ხდის: გაიცნო უცხო ქვეყნის განათლების სისტემები, მოისმინო ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებული კურსები, მიიღო კონსულტაციები „პირველი ხელიდან“ - თვით კურსის ავტორისგან, ჩააბარო გამოცდები, მიიღო სერთიფიკატი და მოძებნო სამსახური. ყველა სასწავლო მასალა გადაიცემა კომპიუტერული ქსელით. გამოცდების ჩასატარებლად გამოიყენება ინტერნეტი, ფაქსი, ტელეფონი, დიალოგური ქსელი, ვიდეოფონი, აუდიო და ვიდეო კონფერენციები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყველა ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა სამინისტროებისაგან მოითხოვა ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიებით განათლების სისტემის სრულყოფა. იუნესკოს ინფორმაციულ ტექნოლოგიებით სწავლების ინსტიტუტმა შეადგინა რეგიონული პროგრამა "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების განათლების სისტემების სრულყოფა ICT-ზე დაყრდნობით" შემდეგი ქვეყნებისათვის: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა.
პროგრამით დაიგეგმა:
1. მასწავლებლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება კომპიუტერის თავისუფლად გამოყენებაში;
2. მულტიმედია განათლებაში;
3. ICT დისტანციურ განათლებაში;
4. ICT-ის გამოყენება სამეცნიერო-კვლევაში;
5. ელექტრონული ბიბლიოთეკები განათლებაში;
6. ICT უცხო ენების სწავლებაში;
7. ICT-ით ინფორმაციულ საგანმანათლებლო ქსელის შექმნა და სხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგ-სემინარები საერთო სათაურით - "აქტიური სწავლება უნივერსიტეტში - ამერიკის გამოცდილება მოქმედებაში", სადაც ერთ-ერთ ძირითად საკითხად განხილული იქნა დისტანციური სწავლება. ქართულ ენაზე მომზადდა სახელმძღვანელო "MOODLE 1.7 ვერსია", MOODLE - "Modular Object-Oriented Dynamic Learning Environment" (მოდულურ ობიექტ-ორიენტირებული დინამიური სწავლების გარემო). ეს სისტემა სპეციალურად არის შემუშავებული პედაგოგებისათვის ეფექტური on-line კურსების შესაქმნელად და სწავლის პროცესში გამოსაყენებლად. მათ აგრეთვე ეწოდება სწავლების მართვის სისტემა (Learning Management Systems - LMS).
დისტანციური სწავლების ელემენტების გამოყენება ტრადიციულ ფორმის სწავლებაშიც დიდი იმედების მომცემია როგორც მასწავლებლისათვის, ისე სტუდენტისათვის. სასწავლო მასალის უმეტესი ნაწილის გადატანით დისტანციური სწავლების რეჟიმში, მასწავლებელს ბევრი გამონთავისუფლებული დრო დარჩება იმისათვის, რომ ფართოდ გამოიყენოს დისკუსიები, საქმიანი თამაშები, გადაწყვიტოს სასწავლო პრობლემები და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სწავლება არის სააუდიტორიო სწავლის პროცესის გაგრძელება. ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია სალექციო მასალა წარმოადგინოს ელექტრონული სახით, მისცეს სტუდენტებს საშინაო დავალებები, ჩაუტაროს ტესტირებები და მრავალი სხვა. ყველაფერი დამოკიდებულია თვით მასწავლებლის მომზადებასა და ინიციატივაზე.
საზღვარგარეთ ბევრი მასწავლებელი, რომელიც იყენებს ასეთ შერეული სწავლების მიდგომას, აღნიშნავს, რომ ისინი ზოგავენ დროს და ზრდიან სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის გამოყენების უნარს.
კურსის მენეჯმენტის სისტემა MOODLE 1.7, შემდგომში კმს, ანუ სისტემა, განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის (სსსსუ) პროფესორ-მასწავლებელთა ყოველდღიურ მუშაობაში საინფორმაციო რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად აადვილებს პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობას იმით, რომ სასწავლო მასალის დიდი ნაწილი გამოტანილია ვებ-გვერდზე, რათა სტუდენტებმა დამოუკიდებლად შეძლონ კურსზე მუშაობა, ხოლო პედაგოგებმა წარმატებით გამოიყენონ იგი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი სტუდენტთა ცოდნის ხარისხის კომპიუტერული კონტროლისათვის.
|






















