|
| სტაჟირება CLAAS Academy-ში Systemtechnik-ის კურსებზე
საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო მწარმოებელ კომპანია CLAAS-თან და მის პარტნიორთან საქართველოში ფირმა "მსოფლიო ტექნიკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოწინავე ტექნიკის უკეთესად შესწავლისა და გაცნობის მიზნით, კომპანია CLAAS-მა გერმანიის ქ. ჰარზევინკელში CLAAS Academy-ში Systemtechnik-ის კურსების გასავლელად მიიწვია ჩვენი უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დეპარტამენტის მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი მამუკა ბენაშვილი, რომელიც გაეცნო:
1) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ სანავიგაციო სისტემებს - CLAAS telematics, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა გადაცემის ინტეგრირებულ საშუალებას და ტექნოლოგიური მანქანების 35-მდე სამუშაო პარამეტრის (მანქანის მოძრაობის სიჩქარე, სალეწი დოლის ბრუნთა რიცხვი, მარცვლეულის დანაკარგები აღების პროცესში, მოსავლიანობა და სხვ.) ჩაწერისა და გადაცემის შესაძლებლობას იძლევა, რომლის ნახვაც შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ონლინე რეჟიმში;
2) ზუსტი მიწათმოქმედების (precising farming) ტექნოლოგიას, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიებს შორის ყველაზე სრულყოფილია და საშუალებას იძლევა უფრო რაციონალურად იქნეს გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო რესურსები;
3) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ავტომატური მართვის სისტემებს: AUTO pilot, GPS pilot, CAM pilot და LASER pilot, რომლებიც არა მარტო აიოლებს მემანქანის შრომას, არამედ ზრდის მანქანის მწარმოებლობას, ამცირებს ტექნოლოგიური ოპერაციის დანახარჯებს;
4) მოსავლის ამღები მანქანების მართვის თანამედროვე ჰიდრავლიკურ, ელექტრულ და მექანიკურ სქემებს და მათი მუშაობის პრინციპებს;
5) კომპანია CLAAS-ის ქარხანას და მოსავლის ამღები მანქანების ლაბორატორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
გერმანულ გამოცდილებას და მიღებულ ინფორმაციას მამუკა ბენაშვილი გაუზიარებს კოლეგებს და გამოიყენებს სტუდენტებთან მეცადინეობების ჩატარებისას.
კომპანია CLAAS-ი მომავალში კიდევ გეგმავს მსგავსი მიწვევების განხორციელებას, რითაც აგროსაინჟინრო ფაკულტეტს დაეხმარება მოამზადოს სტუდენტები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების უახლესი ტექნოლოგიების მაგალითზე.