ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
8 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
detal
ახალი ამბები
საველე დღე "ელკანას" ბაზაზე
 
2010 წლის 4 ივნისს აგრონომიული ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ასოციაცია "ელკანამ" სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა.
 
ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის პროფ. თეო ურუშაძის ინიციატივით აგროეკოლოგიის დეპარტამენტის 15 სტუდენტმა ახალციხის რაიონში, კერძოდ, სოფ. წნისში ,,ელკანას" საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა მოინახულა, სადაც რეგულარულად ითესება და მრავლდება მარცვლეული და პარკოსანი კულტურების, ასევე ხეხილისა და ვაზის ადგილობრივი ჯიშები.  ასოციაცია "ელკანას" მრჩევლებმა: ტაიულ ბერიშვილმა, გოჩა წერეთელმა და ნუკრი მემარნიშვილმა სტუდენტებს დაათვალიერებინეს 4 ჰა ნაკვეთზე გაშენებული აბორიგენული და ენდემური ჯიშები და საველე პირობებში ჩაუტარეს ინფორმაციული ლექცია, მოკლედ ესაუბრნენ ასოციაციის საქმიანობაზე.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია-ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" 1994 წელს შეიქმნა, რომლის საქმიანობის სფეროა ბიომეწარმეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბიოპროდუქციის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების წარმოჩენა,  მდგრადი ბიომეურნეობისა და ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაცია.
 
2006 წლიდან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან – აგრონომიული ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები მათ მეურნეობებში გადიან პრაქტიკებს, ტარდება ერთობლივი კონფერენციები და ხორციელდება ერთობლივი პროექტები.
 
თეო ურუშაძე: "ჩვენი უნივერსიტეტის და "ელკანას" ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, რომლის ნაყოფიც არის მრავალი საინტერესო ერთობლივი პროექტი. დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია. ასოციაცია "ელკანა" ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ასეთი სადემონსტრაციო ჩვენებები პრაქტიკულ ცოდნას აძლევს სტუდენტს და უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას უმტკიცებს. ჩვენ, სამომავლოდ, შემოდგომაზეც ვგეგმავთ მსგავს საველე დღეს. მოგეხსენებათ, "ელკანა" ახალციხის გარდა კიდევ ექვს რეგიონში ეწევა  საქმიანობას და ჩვენი სტუდენტები იმ ბაზებსაც მოინახულებენ."
 
საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის  შემდგომ, სტუდენტებმა მოინახულეს აწყურის ციხე, დააგემოვნეს ახალციხის (მესხური) დოლის პური, რომლის ნათესებიც სხვა აბორიგენულ და ენდემურ ჯიშებთან ერთად მათ საცდელ ნაკვეთზე დაათვალიერეს.
 
როგორც ასოციაცია "ელკანას" თანამშრომლებმა აღნიშნეს, ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა კარგად გაითავისონ ბიომრავალფეროვნების რაობა და აუცილებლობა, ასევე პოპულარიზაცია გაუწიონ გადაშენების პირას მყოფ ძველ ქართულ კულტურებს.
 
 
 
 
 
 

 

 

 
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
© 2009
ბოლო განახლება: 05.09.10 19:36 | გვერდების ნახვა: 46718