სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2008 დაიხურა

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები აღდგა. თვენახევრის განმავლობაში სტუდენტურმა ცხოვრებამ სპორტულ ცენტრში, საკონფერენციო დარბაზებსა და განახლებულ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გადაინაცვლა, სადაცYყველა ფაკულტეტმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა.
14 მაისს სტუდენტური დღეების დახურავის ცერემონიალი უნივერსიტეტის რექტორმა გელა ჯავახიშვილმა გახსნა. საღამოზე დაჯილდოვდნენ სპარტაკიადაში, სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ თვითშემოქმედებაში გამარჯვებული სტუდენტები და ფაკულტეტები.
სპორტის ექვს სახეობაში გამარჯვებულ ფაკულტეტებს გადაეცათ გარდამავალი თასები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სტუდენტებს _ სიგელები და ოქროს მედლები. საერთო შეფასებით, პირველობა წილად ხვდა აგროსაინჟინრო ფაკულტეტს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ეკონომიკურ-ჰუმანიტარულმა და სავეტერინარო-მედიცინის ფაკულტეტებმა გადაინაწილეს.
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული 14 სტუდენტი ფაკულტეტის დეკანებმა სიგელებით დააჯილდოვეს.

სტუდენტურ თვითშემოქმედებას ერთი კვირის განმავლობაში კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის თავმჯდომარე გახლდათ რექტორი გელა ჯავახიშვილი, ხოლო წევრები: კულტურის ცენტრის დირექტორი გოგა გეგელია, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი რამაზ გუნიავა, ქორეოგრაფი დავით ბიწოშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნინო შეწირული და ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი ნანა მოსეშვილი.
ყველა ფაკულტეტს ჟიურის პრიზი გადაეცა შემდეგ ნომინაციებში:

 
კლასიკური ნაწარმოები _ ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ხალხური სიმღერა _ სავეტერინარო-მედიცინის ფაკულტეტი
თანამედროვე ცეკვა _ აგროსაინჟინრო ფაკულტეტი
ხალხური ცეკვა _ აგრონომიული ფაკულტეტი
მხატვრული კითხვა _ ტექნოლოგიური ფაკულტეტი
სკეტჩი _ აგროსაინჟინრო ფაკულტეტი
თანამედროვე სიმღერა _ ზოოტექნიკური ფაკულტეტი
მისალმება _ სატყეო-სამეურნეობის ფაკულტეტი
რექტორის პრიზი მიიღო აგრონომიულმა ფაკულტეტმა.
დაჯილდოვების შემდეგ გაიმართა კონცერტი _ ყველა ფაკულტეტმა ჟიურის მიერ საუკეთესოდ დასახელებული ნომრები წარმოადგინა.