საქართველოს სახ. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სამეცნიერო
ბიბლიოთეკა შეიქმნა 1931 წელს უძველესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკების ბაზაზე,
როგორიცაა: კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (არსებობდა 1850 წლიდან),
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (1911 წლიდან), რუსეთის
მიწათმოქმედების სამინისტროს კავკასიის რწმუნებულის (1884 წლიდან), კავკასიის
წყალთა მეურნეობის ინსპექტორის, საქართველოს მიწსახკომის, საქართველოს
ექსპერიმენტალური აგრონომიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკების, ხოლო მოგვიანებით შეივსო
სოხუმის სუბტროპიკული, ამიერკავკასიის სატყეო და საქართველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტების ბიბლიოთეკების წიგნებით.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის წინამორბედია საქართველოს ექსპერიმენტული აგრონომიის
ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, რომელიც გაუქმდა 1931 წელს, ხოლო მისი ბიბლიოთეკა თავისი
მდიდარი ფონდითა და შტატით გადმოეცა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს,
რითაც საფუძველი ჩაეყარა დღევანდელი ბიბლიოთეკის არსებობას.
წლების მანძილზე ბიბლიოთეკის ფონდი თანდათან იზრდებოდა, თუ დაარსების პირველ წელს
ბიბლიოთეკაში ირიცხებოდა 70 ათასი საბიბლიოთეკო ერთეული 2007 წლის 1 იანვრისათვის
720960 ეგზემპლიარს ითვლის.
2005 წლის ივნისიდან ინსტიტუტს შემოუერთდა ზოოვეტერინალური უნივერსიტეტი, მისი
ფონდი შეადგენს 527046 ეგზემპლიარს. მთლიანი ფონდი შეადგენს 1. 248006 ეგზემპლიარს.
სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად ბიბლიოთეკას გააჩნია სახელმძღვანელოები, მდიდრადაა
წარმოდგენილი პოლიტიკური, ისტორიული და მემუარული ლიტერატურა, ასევე
ენციკლოპედიები, ცნობარები, ლექსიკონები, პერიოდული გამოცემები, დისერტაციები,
ავტორეფერატები, სხვადასხვა ინსტიტუტის შრომები; მრავლადაა ქართულ, რუსულ და უცხოურ
ენებზე გამოცემული კავკასიათმცოდნეობისადმი მიძღვნილი წიგნები და აგრონომიული
ლიტერატურის იშვიათი გამოცემები, რომლებიც ძვირფასი მასალაა ჩვენი ქვეყნის სოფლის
მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკის შესწავლისათვის.
ფონდის ასეთმა ხასიათმა და მრავალფეროვნებამ თავიდანვე განსაზღვრა ბიბლიოთეკის
დანიშნულება და მისი მუშაობის ხასიათი, იგი გადაიქცა სასწავლო და სამეცნიერო
ბიბლიოთეკად.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდი ასახულია ანბანურ, სისტემატურ და საგნობრივ
კატალოგებში; ასევე სარეგისტრაციო, ანბანურ და საგნობრივ კარტოთეკებში.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის სტრუქტურა შემდეგნაირია: დაკომპლექტების, ლიტერატურის
დამუშავებისა და კატალოგების ორგანიზაციის, წიგნთსაცავის, მომსახურეობისა და
საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული განყოფილებები.
მომსახურეობის განყოფილებაში ფუნქციონირებს: აბონემენტი, სტუდენტთა სამკითხველო,
პერიოდულ გამოცემათა და მეცნიერ მუშაკთა დარბაზები. დიღმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
მუშაობს 15 თანამშრომელი, კრწანისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 11 თანამშრომელი.
სამეცნიერო ბიბლიოთეკებს ჰყავს მთავარი კონსულტანტი.
დიღმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მკითხველების რაოდენობაა 2550, აქედან სტუდენტების
- 1951.
სამეცნიერო ბიბლიოთეკას წლების განმავლობაში გამოცემული აქვს ბიბლიოგრაფიები და
ბიო-ბიბლიოგრაფიები.
სამეცნიერო ბიბლიოთეკას აქვს ბიბლიოთეკის შინაგანაწესი, დებულება, განყოფილების
დებულებები და თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები.
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რათა წიგნადი ფონდი
აისახოს ელექტრონულ კატალოგებში.
|