ოთხმხრივი მემორანდუმი
 

 
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სატყეო დეპარტამენს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტსა და ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს ტყეების დაცვა, გარემოს დაცვით სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციაა.
 
მხარეებს წარმოადგენდნენ: თსუ- რექტორი პროფ. გია ხუბუა, სსსსუ- რექტორი პროფ. გელა ჯავახიშვილი, სატყეო ინსტიტუტის დირექტორის . . ალექსანდრე ურუშაძე და სატყეო დეპარტამენტის
 
თავმჯდომარე ზვიად ჭეიშვილი.
 
უნივერსიტეტები ვალდებულებას იღებენ მოამზადონ კადრები როგორც აღმასრულებელ, ისე სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში დასაქმების მიზნით და რეკომენდაცია გაუწიონ წარჩინებულ სტუდენტებს. თავის მხრივ, თანამედროვე დონეზე სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და კადრების მომზადებას სატყეო ინსტიტუტი უზრუნველყოფს, ხოლო სატყეო დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმებასა და პრაქტიკაში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების დანერგვას.
 
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო აქციების შესახებ, რომლებიც უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სტუდენტების მიერ. კერძოდ, ალექსანდრე ურუშაძის განცხადებით: კარგი იქნება, თუ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ჩახერგილი ტყეების გაწმენდა-დასუფთავებაში და მოგროვილ შეშას საჩუქრად მოსახლეობას დაურიგებენ. აქვე, სსსსუ- რექტორმა პროფ. გელა ჯავახიშვილმა გაიხსენა აქცია `შენც დარგე ერთი ხე~, რომელიც შემოდგომაზე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა და სატყეო დეპარტამენტმა ერთობლივად განახორციელეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს აქცია გაზაფხულზეც გაგრძელდება. პროფ. გია ხუბუას განმარტებით: მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ჰქონდეს სავალდებულო პრაქტიკის სახე, არამედ ეს უნდა იყოს აქცია, რომელიც ახალგაზრდებში ეკოლოგიურ კულტურას ჩამოაყალიბებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პროფ. თენგიზ ურუშაძის ღვაწლი ეკოლოგიის დარგში.
 
დასასრულს, იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.