|
უმაღლესი განათლების რეფორმა ბოლონიის პროცესის კონტექსტში
(მიღწევები და პერსპექტივები)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ლომაიამ 2005 წლის 19 მაისს ბერგენში ხელი მოაწერა ბერგენის კომუნიკეს, რითაც საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ბოლონიის პროცესს და აიღო ვალდებულება 2010 წლისათვის გახდეს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილი.
ბოლონიის პროცესთან საქართველოს მიერთებას ხელი შეუწყო ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამ, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპების სამართლებრივი რეგულირება ქართულ კანონმდებლობაში. სწორი საკანონმდებლო პოლიტიკა უმაღლესი განათლების სფეროში საშუალებას იძლევა ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდს შესაბამისად წარმატებით განხორციელდეს უმაღლესი განათლების რეფორმა რომელიც ”საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” და ”საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირების განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, გამოცდების ეროვნული ცენტრის და ეროვნული პროფესიული სააგენტოს დებულებების და შიდანორმატიული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების თანახმად რეგულირდება.
ევროპულ სივრცეში უმაღლესი განათლების სრულუფლებიანი გაწევრიანებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება: აკადემიური ხარისხების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); საგანმანათლებლო პროგრამების ევროპული კრედიტების ტრანსფერის შესაბამისი სისტემის დანერგვა; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება; განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების განვითარება; უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების მართვაში სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა; სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში - წინა განათლების აღიარების მექანიზმების უზრუნველყოფა; სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში კვლევითი კომპონენტის გაზრდა.
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ ეტაპს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემის შექმნა წარმოადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირება და განხორციელება ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ნაბიჯა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ”განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი”, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუელების ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დადასტურება.
ცენტრმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ინსტიტუციური აკრედიტაციის განხორციელების შედეგად უზრუნველყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მინიმალური რაოდენობრივი სტანდარტების შესაბამისობის დადგენა. 2005, 2006 და 2007 წლების ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი ეფუძნებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური, მატერიალური და სასწავლო-სამეცნიერო რესურსების რაოდენობრივ შეფასებას, რაც სრულყოფილად ვერ ასახავდა უმაღლესი საგანმანთებლო დაწესებულებების სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის პოტენციალს. უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმამ და სააკრედიტაციო პროცესმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცხადჰყო, რომ უმაღლესი საგანმანალთლებლო დაწესებულებები მზად არიან ახალი, ხარისხზე და მისიაზე დაფუძნებული სააკრედიტაციო სისტემის დასანერგად.
დღეისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე და ახლადლიცენზირებულ, აკრედიტებულთან გათანაბრებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შექმნილია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტების, ინდიკატორებისა და კრიტერიუმების შემუშავებაში. 2007 წელს ცენტრმა მათი აქტიური მონაწილეობით უზრუნველყო ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტიციის სტანდარტების პროექტების და აკრედიტაციის ჩატარების ახალი წესის შემუშავება, რაც დასამტკიცებლად წარედგინება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის შემუშავებულია შემდეგი სტანდარტები:
* მისია, მიზნები, ამოცანები;
* დაგეგმვა და შეფასება;
* ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
* საგანმანათლებლო პროგრამები;
* აკადემიური პერსონალი;
* სტუდენტები და მათი ხელშეწყობის სამსახურები;
* რესურსები;
* პრინციპულობა და კეთილსინდისიერება
უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ვინაიდან, პროგრამული აკრედიტაცია, რომლის წინაპირობასაც ინსტიტუტციური აკრედიტაცია წარმოადგენს, ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ერთიან ევროპულ სივრცეში სრულუფლებიან ინტეგრაციისკენ. ამდენად, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს პროგრამული აკრედიტაციის ისეთი სტანდარტების შემუშავება, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფენ პროფესიულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი საგანმანათლებლო პროგრამების დამკვიდრებას.
ცენტრის მიერ შემუშავდა პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტების ზოგადი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებია:
* ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგია და პროცედურები;
* სასწავლო პროგრამის მოკლე აღწერა, მიზნები და ამოცანები;
* აკადემიური პერსონალი;
* სტუდენტები და მათი ხელშეწყობის სამსახურები;
* პროგრამის ფინანსური და მატერიალური რესურსები;
* პრინციპულობა და კეთილსინდისიერება
მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავება მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, შემუშავებული ზოგადი ჩარჩოს გათვალისწინებით, ხოლო პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია, საგანმანათლებლო დაწესებულება და განსაკუთრებით კი შესაბამისი პროფესიული ასოციაციები, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.
გარდა ზემოთაღნიშნული დოკუმენტებისა, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა და ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”-ს დასამტკიცებლად წარედგინა ”საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათებლო დოკუმენტების ექვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესი” და ”პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა რეესტრის წარმოების წესი”, რაც განაპირობებს ბოლონიის პროცესით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად პრინციპის - სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ევროინტეგრაციის ხელშეწყობას.
შეიქმნა სტუდენტთა მობილობის მოქნილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მობილობისთვის ვაკანტური ადგილების საჯაროობას, სტუდენტებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სტუდენტის მიერ ათვისებული სასწავლო კურსებისა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამას შორის შესაბამისობის გადამოწმებას.
საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი გეგმავს უმაღლესი განათლების ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებას. ვინაიდან ამ ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა აკრედიტაციის ცენტრის მიერ თვითშეფასების განხორციელება, ცენტრის მიერ შემუშავდა შეფასების კითხვარი, რომელიც დაეგზავნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს აკრედიტაციის ცენტრს შეაფასოს თავისი მუშაობის ხარისხი, მისი დადებითი და სუსტი მხარეები და დაგეგმოს ხარისხის გაუმჯობესება.
საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ENQA-ში გაწევრიანება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე.