|
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი
საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თბილისი 2007 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობითი ორგანოა.
1.2. წარმომადგენლობითი საბჭო მუშაობს მის მიერვე დამტკიცებული დებულებით. მას გააჩნია ტიტულიანი ფურცელი და ბეჭედი.
1.3. წარმომადგენლობითი საბჭოს იურიდიული მისამართია _ ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.
მუხლი 2. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა
2.1 . წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ირჩევენ ფაკულტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.
2.2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის რაოდენობის პროპორციულად.
2.3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობის წევრთა, საერთო რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს.
2.4. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობა პროპორციულია ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა (სტუდენტების ჩათვლით) არ შეიძლება იყოს 5-ზე ნაკლები.
2.5. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელი. (მუხლი 11)
2.6. საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 63 წევრით: 40 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 21 წევრი - სტუდენტი, 2 წევრი - ბიბლიოთეკიდან.
აგრონომიული ფაკულტეტი: -7 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 4 - სტუდენტი; აგროსაინჟინრო ფაკულტეტი: 10 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 3 - სტუდენტი; ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი: 6 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 4 - სტუდენტი; ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი: 4 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 2 - სტუდენტი;
ტექნოლოგიური ფაკულტეტი: 4 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 2 - სტუდენტი; სავეტერინარო ფაკულტეტი: 6 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 4 - სტუდენტი; სატყეო ფაკულტეტი: 3 წევრი აკადემიური პერსონალიდან, 2 - სტუდენტი;
2.7. წარმომადგენლობით საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია
მუხლი 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
3.1. წარმომადგენლობითი საბჭო “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) აკადემიურ საბჭოსთან ერთად განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს;
დ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათში ცვლილებების შეტანას;
ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს (მუხლი 8) ;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით (მუხლი 9) ;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით (მუხლი 12) ;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაცის ხელმძღვანელს;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით (მუხლი 10);
ნ) იხილავს აკადემიური საბჭოს წლიურ ანგარიშს;
ო) ამტკიცებს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას დეკანის წარდგინებით;
პ) შეისწავლის და განიხილავს უნივერსიტეტში კოლექტიურად გადასაწყვეტ სასწავლო, ფინანსურ და ადმინისტრაციულ საკითხებს;
ჟ) აკონტროლებს რექტორის, ადმინისტრაციის და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას და შესაბამისად რეაგირებს მათზე;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3.2. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ ორჯერ გაუვლელობა.
მუხლი 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო
წარმომადგენლობით საბჭოს ხელმძღვანელობს წარმომადნელობითი საბჭოს სამდივნო, რომელიც შედგება სპიკერის, სპიკერის მოადგილის და საბჭოს მდივნისაგან.
4.1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი:
ა) წარმომადგენლობით საბჭოს ხელმძღვანელობს, სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც წარმომადგენლობითი საბჭო ირჩევს თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით. სპიკერის არჩევის ვადა მითითებული უნდა იყოს უნივერსიტეტის წესდებაში;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი:
_ ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
_ სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
_ უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში;
_ საბჭოს წარუდგენს საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას დასამტკიცებლად;
_ ახორციელებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და საბჭოს წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
- პირადი სურვილი;
- მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
- გარდაცვალება;
- სასამართლოს მიერ ქმედითუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედითუნარიანად აღიარება;
- აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ ორჯერ გაუვლელობა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
4.2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის მოადგილე:
ა) სპიკერის მოადგილე ხელმძღვანელობს წარმომადგენლობით საბჭოს სპიკერის არყოფნის პერიოდში;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის მოადგილე მტკიცდება სპიკერის არჩევიდან პირველივე საბჭოს სხდომაზე მისივე წარდგინებით, ხმების უმრავლესობით.
4.3. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი:
ა) მდივანი საბჭოს სხდომებზე აფიქსირებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და ამზადებს შესაბამის დოკუმენტს, პასუხს აგებს ამ დოკუმენტების სიზუსტესა და ობიექტურობაზე, აგრეთვე მათ შენახვაზე;
ბ) წარმომადგელნობითი საბჭოს მდივანი მტკიცდება სპიკერის არჩევიდან პირველივე საბჭოს სხდომაზე მისივე წარდგინებით, ხმების უმრავლესობით.
მუხლი 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესი
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევა ხდება მართვის ორგანოების, დეკანებისა და აკადემიური პერსონალის არჩევნების დებულების თანახმად.
მუხლი 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
6.1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები:
- პირადი სურვილი;
- მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
- გარდაცვალება;
- სასამართლოს მიერ ქმედითუნარიანად ან შეზღუდულ ქმედითუნარიანად
აღიარება;
- უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება ან სტუდენტის, (მაგისტრანტის, დოქტორანტის) სტატუსის შეწყვეტა.
6.2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნას სტუდენტი და პირიქით.
6.3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადაში აირჩევა ახალი წევრი.
მუხლი 7. წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფები
7.1. საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადებისა და გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, საბჭო თავისი შედგენილობიდან ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფს (ჯგუფებს) გარკვეული ვადით.
7.2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება ნებისმიერი რიცხვით საჭიროების შესაბამისად (საბჭოს არანაკლებ 3 წევრით). ჯგუფების სხდომები უფლებამოსილია თუ მას ესწრება შემადგენლობის უმრავლესობა.
7.3. დროებითი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანებლობს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო.
მუხლი 8. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები
8.1. ა) წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არაუგვიანეს 5 დღისა არჩევნების საბოლოო შედეგის ძალაში შესვლიდან.
ბ) პირველ სხდომას თავჯდომარეობს ყველაზე უხუცესი, არჩეულ სრულ პროფესორთა შორის. სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;
გ) წარმომადგენლობითი საბჭოს არჩეული წევრების უფლებამოსილებას საბჭო ცნობს პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პირველ სხდომაზე გამოცხადდება წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების ვადა და პირობები;
დ) წარმომადგენლობითი საბჭოს მეორე სხდომაზე ირჩევა სპიკერი, რომელიც თავის მხრივ საბჭოს წარუდგენს სპიკერის მოადგილეს და საბჭოს მდივანს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოზე გასატანი საკითხები წინასწარ აუცილებელია განხილულ იქნეს უნივერსიტეტის იმ სტრუქტურულ ერთეულებზე, საიდანაც ისინი მოდის (მაგ: ფაკულტეტის საბჭოზე და ა.შ.);
ვ) წესდების, დებულების და სხვა სამოქმედო დოკუმენტების განხილვისას, უნდა იყოს იურიდიული სამსახურის დასკვნა, თუ რამდენად შეესაბამება იგი არსებულ კანონებს და სახელმწიფო აქტებს;
ზ) წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების სიხშირე დამოკიდებულია სამუშაო გეგმის, საკითხების და კონკრეტული გადასაწყვეტი ამოცანების რაოდენობაზე;
თ) წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ყველა განხილულ საკითხს უნდა ახლდეს შესაბამისი გადაწყვეტილება, ოქმს ხელს აწერს სპიკერი ან მისი მოადგილე და საბჭოს მდივანი. ოქმების ადგილზე შენახვის ვადაა 6 წელი, შემდეგ გადაეცემა არქივს;
8.2. წარმომადგენლობით საბჭოს რიგგარეშე სხდომები.
საბჭოს რიგგარეშე სხდომები მოიწვევა:
ა) საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
ბ) რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა უნდა გადაეცეს სპიკერს წერილობით, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს სხდომის მოწვევის აუცილებლობა;
გ) საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ორი კვირის ვადაში;
დ) საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მუხლი 9. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევის წესი
9.1. სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭო ირჩევს თავისი რიგებიდან ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
9.2. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10% სპიკერის არჩევნებზე არაუგვიანეს 3 დღისა საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას (50%+1). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი, ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით, წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
9.3. არჩეული სპიკერის კანდიდატურას არჩევიდან ორი კვირის ვადაში წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.
მუხლი 10. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების წესი
10.1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ტარდება აკადემიური საბჭოს არჩევნებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.
10.2. აკადემიური საბჭოდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატის წარდგენა წარმომადგენლობით საბჭოში ხდება წერილობით და დასაბუთებლად (სხდომის ოქმის ამონაწერით).
10.3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება ხდება აკადემიური საბჭოს წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით (50+1).
10.4. დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ერთი კვირის ვადაში აკადემიური საბჭო წარმოადგენს ახალ ან იგივე კანდიდატებს. განმეორებითი დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ატარებს კონკურსს ახალი კანდიდატის შერჩევისათვის.
მუხლი 11. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დამტკიცების წესი
11.1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ტარდება აკადემიური საბჭოს არჩევნებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ;
11.2. აკადემიური საბჭოს მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა წარმომადგენლობით საბჭოში ხდება წერილობით და დასაბუთებულად (სხდომის ოქმის ამონაწერით);
11.3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დამტკიცება ხდება აკადემიური საბჭოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით (50%+1);
11.4. დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, არ შეიძლება იგივე კანდიდატის ხელმეორედ წარდგენა. აკადემიური საბჭო ატარებს ახალ კონკურსს.