სტუდენტური წვლილი შენებისთვის
 
 
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურმა თვითმმართველობებმა ერთობლივი საქველმოქმედო აქციები წამოიწყეს. მათი ინიციატივით მოწყობილი კონცერტებიდან შემოსული თანხა ქობულეთის რაიონში, სოფელ ოჩხამურში ეკლესიის აღდგენას უნდა მოხმარდეს. პირველი კონცერტი 23 აპრილს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კრწანისის სასწავლო კორპუსის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მომღერლები, ზოგი უცნობი და ზოგიც ნაცნობი სახე.
 
კონცერტის დასაწყისში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანხის შეგროვების შემდეგ, სტუდენტები აუცილებლად ჩავლენ სოფელ ოჩხამურში და თითო აგურს დადებენ ეკლესიის მშენებლობაში.
 
რექტორის მოადგილემ პროფ. გია გაგოშიძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ასეთი მადლიანი საქმის წამოწყებისათვის და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავს ინიციატივებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის მიესალმება.
 
კონცერტის მსვლელობისას სტუდენტებს ტელეფონით შეეხმიანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი რექტორი პროფ. გელა ჯავახიშვილი და მხარდაჭერა გამოხატა.
 
საღამოს წამყვანის, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, მამუკა ლომაშვილის სხარტი იუმორის წყალობით, აკადემიურ კონცერტს უფრო უშუალო სახე მიეცა და დარბაზიც გამხიარუდა; დარბაზიდან წამოსულ რეპლიკებს პრეზიდენტისეული იუმორითა და ხმით პასუხობდა და შესაბამისადაც ხუმრობდა.
 
ეს აქცია-კონცერტები მაისის თვეში სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაგრძელდება.