ტრენინგი “აგროკრედიტები” დასრულდა

დასრულდა ტრენინგის “აგროკრედიტები” მეორე ციკლი, რომელსაც ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, დოქტორი გეორგ პლოტცი კითხულობდა. ტრენინგს როგორც საოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე ქართული ბანკების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
- ბატონო პლოტც, რა იყო ტრენინგების მთავარი თემა?
-საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით ორმოცდაათი პროცენტი სოფლად ცხოვრობს, სადაც შემოსავლის ძირითად წყაროს აგრარული სექტორი წარმოადგენს, რომლის პროდუქტიულობა საერთაშორისო დონესთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფ გაუმჯობესებას მთელი რიგი ფაქტორები აბრკოლებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის არქონა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა სიმცირე, დაფინანსებისა და აგრეთვე აგროკრედიტების კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი.
ტრენინგი ეხებოდა ძირითადად აგროდაკრედიტების ასპექტებსა და რისკფაქტორებს; საბანკო კვალიფიციური კადრების მომზადებას, ამოცანებსა და კომპეტენციის საკითხებს; დაკრედიტების კვლევასა და საკრედიტო პაკეტის მენეჯმენტს.
- როგორ შეაფასებდით ტრენინგის მსვლელობასა და შედეგებს?
- სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად სემინარებში ქართული ბანკების წარმომადგენელთა მონაწილეობა ძალზედ საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტია, რამაც სემინარში მნიშვნელოვანი პრაქტიკული წვლილი შემოიტანა. აქვე, აღსანიშნავია, სტუდენტთა დიდი ინტერესიც. იმედი მაქვს, ეს ტრენინგები ყველა მონაწილისათვის სარგებლის მომტანი იქნება.
- იგეგმება თუ არა ამ ციკლის გაგრძელება?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლო მომავალში დამატებითი სემინარები არ იგეგმება. ამჯერად უმნიშვნელოვანესია აქამდე გაცემული ინფორმაციის, ცოდნის დანერგვა, სტუდენტებისა და სხვა კვალიფიციური კადრების აღზრდა, აგროდაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდა და ბანკებთან აქტიური, პრაქტიკული თანამშრომლობის დამყარება.
- რას გვეტყვით, როგორც სპეციალისტი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ?
- წესრიგი, მიზანსწრაფულობა და მოთმინება წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ცვლილებები, რომელთაც საქართველოში ვხედავ და ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი უცხოური კაპიტალი შემოედინება, საფუძველს მაძლევს ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი მისი მომავლის მიმართ. ქვეყანაში აშკარა აღმავლობაა დაწყებული და მალე იგი მის ყველა რეგიონს მოიცავს.
საქართველო საოცარი ქვეყანაა და მის ყველა მოქალაქეს მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ.