სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საცდელ ნაკვეთებზე გაშენებული
ვაზის ნარგაობები განახლებას
 საჭიროებენ


სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საცდელ ნაკვეთებზე 15-17 წლის წინ გამოყვანილი და გაშენებული ვაზის ნარგაობები განახლებას საჭიროებენ. ეს პროცესი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც “მსოფლიო ბანკის” დაფინანსებით 1,5 ჰა მიწაზე 67-მდე ჯიშის ვაზი, ხოლო 3 ჰა-ზე სხვადასხვა კურკოვანი და თესლოვანი კულტურა დაირგო.
უნივერსიტეტის რექტორის გელა ჯავახიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს იმ იშვიათი ვაზის ჯიშების კოლექციის აღდგენა-გაფართოვება, რაც უნივერსიტეტს გააჩნდა და ობიექტური მიზეზების გამო განადგურდა.
აუდიტორიებში ლექციების მიმდინარეობის პარალელურად, აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებში არიან ჩაბმულნი. ისინი აგრო-ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ცოტნე სამადაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საცდელ მიწის ნაკვეთზე ვაზს რგავენ.  უნივერსიტეტმა, ამჯერად, საკუთარი სახსრებით შეიძინა ვაზის ნერგები. ეს ჯიშებია: სუფრული, განჯური და თბილისური წითელი, რომლებიც 7500კმ2 ფართობზე გაშენდება, ხოლო დანარჩენი თავისუფალი ნაკვეთი თანამედროვე სამრეწველო ვენახს, ხეხილის ბაღსა და მინდვრის კულტურებს დაეთმობა.
რექტორი უშუალოდ ეცნობა მიმდინარე სამუშაოებს. 20 მარტს მორიგი დათვალიერების დროს, საცდელი მეურნეობის თანამშრომლებისგან მოისმინა არსებული პრობლემები და ისაუბრა განსახორციელებელ პროექტებზე, რომელთაგან მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სტუდენტების აქტიური ჩართვა საცდელი ნაკვეთის რეაბილიტაციის პროცესში, არა მარტო მათი ენტუზიაზმით, არამედ, სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.