WWF წარმომადგენლის მორიგი ლექცია


20 მარტს სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის გერმანელმა სპეციალისტმა როლფ შულცკემ მორიგი ლექცია წაიკითხა. ლექციის თემას, სტუდენტთა სურვილის გათვალისწინებით, მსოფლიო სატყეო მეურნეობის მიმოხილვა წარმოადგენდა.
გერმანიის ჰესენის მიწების მუნიციპალიტეტის წამყვანი მეტყევე როლფ შულცკე საქართველოში სამი წლის ვადითაა მოვლენილი. საქართველომდე იგი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწეობდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სატყეო რეფორმების განხორციელებაში.
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ბატონი შულცკე პირველად 2006 წელს ეწვია. იმავე წელს მოხდა მოლაპარაკება სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის მაშინდელ დეკანთან, პროფესორ თეიმურაზ კანდელაკთან, რის საფუძველზეც ბატონმა შულცკემ სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე ლექციების წაკითხვის სურვილი გამოთქვა. გადაწყდა, რომ 2007 წლიდან ყოველი თვის ბოლოს იგი შეხვდებოდა სტუდენტებს და გააცნობდა მსოფლიო სატყეო მეურნეობაში მიმდინარე სიახლეებს.
როლფ შულცკეს ყოველი ლექცია აუდიტორიის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს, დებატებიც საკმაოდ ხშირად გამართულა.
ბატონი შულცკეს თანამშრომლობა მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება: სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ნატო კობახიძის, სატყეო დეპარტამენტის უფროსის პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის, როლფ შულცკესა და ილია ოსეფაშვილის (WWF კავკასიის წარმომადგენელი) ავტორობით უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა 41-ე კრებულში გამოქვეყნდა ერთობლივი ნაშრომი “მდგრადი მეტყევეობა გერმანიაში”.
როლფ შულცკე მორიგი ლექციას სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე სავარაუდოდ აპრილის ბოლოს წაიკითხავს.